უცხოეთი
მაიკ პომპეო გერმანიის ნაცვლად ერაყს ესტუმრა

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გერმანიის ნაცვლად ერაყს ესტუმრა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, მაიკ პომპეოს დედაქალაქ ბაღდადში ვიზიტი სულ ოთხი საათი გაგრძელდა. ამ პერიოდში აშშ-ის პირველი დიპლომატი ერაყელ პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა.

განხილვის მთავარი თემა ირანთან ბოლო პერიოდში ურთიერთობის გამწვავება იყო, თუმცა ერაყელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ, პომპეოს საუბრის სხვა დეტალების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ამის პარალელურად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკული ავიამზიდი განთავსდა. ოფიციალური ვაშინგტონის განმარტებით, ეს ირანისგან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიმართ არსებული მუქარის პასუხია. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რეგიონში საბრძოლო თვითმფრინავ ბი-52-ს აგზავნის.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში უნდა ჩასულიყო, თუმცა ევროპაში სტუმრობა მოულოდნელად გაუქმდა. ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ნაცვლად მაიკ პომპეო დაუგეგმავი ვიზიტით ბაღდადს ესტუმრა.

1tv.g