აქტუალური
გამარჯვების დღე აღნიშნეს აჭარაში, გურიაში, კახეთში

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, შორეული ნაოსნობის კაპიტნისა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებლის ანატოლი კაჭარავას საფლავთან აღნიშნეს.

ვეტერანებს 9 მაისი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა არა მარტო ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის, მინდა, მივულოცო ჩვენს ვეტერანებს და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში დღეს მეორე მსოფლიო ომის 17 ვეტერანი ცხოვრობს. ბათუმის მერიამ სადღესასწაულოდ თითოეულს 400 ლარი გადასცა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გურჯაანში ჯარისკაცის მამის მემორიალი და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

გურჯაანში საზეიმო ღონისძიებას 94 წლის ვეტერანი იოსებ ბეციაშვილი ესწრებოდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადად 300 ლარი გადასცა.

ომის დროს ბრძოლებისას კურსკში ვიყავი და იქ დავიჭერი. ომი საშინელებაა, მშვიდობა უნდა იყოს, მსოფლიოში მშვიდობას არაფერი ჯობია“, – განაცხადა იოსებ ბეციაშვილმა.

გურიაში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს და ვეტერანებს მიულოცეს.

წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვეტერანებს სხვა საჩუქრებთან ერთად 500-500 ლარი გადასცა, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ - 300-300 ლარი. გურიაში სულ 12 ვეტერანი ცხოვრობს.

„9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. სამწუხაროა, რომ ვეტერანების რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს. ჩვენი ვალია, ამ ადამიანებს ყურადღება არ მოვაკლოთ, გავუფრთხილდეთ და მათ სათანადო პატივიც მივაგოთ. მინდა, ჩვენს გმირ, საამაყო ვეტერანებს მოვეფერო და დღევანდელი დღე მივულოცო. გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს. თქვენ ხართ ის გმირები, რომელთა დამსახურება დიდია ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა გურიაშისახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.