აქტუალური
იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2,3 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2019 წლის იანვარ-აპრილში 3 860,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2,3 პროცენტით მეტია. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 133,4 მლნ აშშ დოლარი იყო – 17,9 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო იმპორტი 2 726,7 მლნ აშშ დოლარი – 3,1 პროცენტით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აპრილში 1 593,3 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 მაისს გამოქვეყნდება.