აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვია

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. რიგის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ყარაულით, წითელი ფიანდაზით და ლატვიისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებით დახვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ლატვიის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, პრემიერ-მინისტრ არტურს კრიშიანის კარინშთან.

შეხვედრებისას განიხილება როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო განტკიცების, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.

ოფიციალური შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ლატვიის მეექვსე პრეზიდენტთან ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ლატვიის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. აღსანიშნავია, რომ წელს ლატვია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს აღნიშნავს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იქნება შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

​ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი.