სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ამ ინიციატივას მიესალმება.

გასულ პარასკევს, 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს სექსუალური შევიწროების შესახებ. ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, სამოქალაქო, საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში. პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის ინიციატივას, რითაც დარეგულირდა დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში თუ საჯარო სივრცეში“, – განაცხადა ხატია მოისწაფიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 3 მაისს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოში სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე გათვალისწინებული იქნება როგორც ფულადი ჯარიმები, ასევე გამოსასწორებელი სამუშაოები.

პირველი არხი