პოლიტიკა
მოლაპარაკებები თბილისსა და მოსკოვს შორის რუსეთის მსო-ში გაწევრების თაობაზე

berniთბილისისა და მოსკოვის წარმომადგენლებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები ბერნში (შვეიცარია) 10 მარტს დაიწყეს.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პრემიერ-მინიტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

საქართველოს მცდელობები – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების პირობების „პოლიტიზება“ მოახდინოს, „კატეგორიულად მიუღებელია“ მოსკოვისთვის, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.

მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლები ბერნში შეხვედრას შვეიცარიის შუამავლობით მართავენ.

ლუკაშევიჩმა შეხვედრას უწოდა „კონსულტაციები სამმხრივ ფორმატში“.

შვეიცარია რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

„დიალოგი უნდა წარიმართოს მხოლოდ ვაჭრობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებიც მსო-ში გაწევრებას უკავშირდება. თბილისის სავარაუდო მცდელობები – შეეხოს ზოგიერთ პოლიტიკურ ასპექტს, რომელთაც არაფერი აქვს საერთო რუსეთის მსო-ში გაწევრების პრობლემასთან, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია; მინდა, ეს ხაზგასმით აღვნიშნო,“ – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მისივე თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ კონსულტაციებში შვეიცარიის შუამავლობა „ეფექტიანად დაეხმარება ამ გაჭიანურებული საკითხის გადაწყვეტაში“.

ლუკაშევიჩმა ისიც განაცხადა, რომ ეს თემა, ასევე, განიხილეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 9 მარტს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.

„რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ საკითხის პოლიტიზებისა და საქართველოს ხელმძღვანელობის მცდელობების დაუშვებლობას – ისეთი ელემენტები შეიტანონ დისკუსიებში, რომლებიც არ ეხება მსო-ში გაწევრების პირობებს“, – განაცხადა მან.

აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების დირექტორი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მაიკლ მაკფოლი კი აცხადებს: „რუსეთსა და საქართველოს ვაჭრობის საკითხებში პრობლემები აქვთ, რაც გადაჭრას საჭიროებს. პროცესი წინ მიდის. მე წინასწარ ამის შეფასება არ შემიძლია, რადგან პროცესში არ ვმონაწილეობთ“.

ამასთან, მან მტკიცედ აღნიშნა, რომ აშშ არ ჩაერევა რუსეთისა და საქართველოს მცდელობებში – მიაღწიონ შეთანხმებას ამ საკითხებში.