სამართალი
შსს: საარჩევნო უბნებზე მომხდარი ინციდენტების გამო ხუთი ადამიანია დაკავებული

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საარჩევნო უბნებზე მომხდარი ინციდენტების გამო ადმინისტრაციული წესით პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის საინფორმაციო პორტალ Presa.ge-ს დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე. მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაიწყო.

გიორგი კაპანაძე ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

19 მაისს შუალედური არჩევნები ჩატარდა საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდიოდა. პარალელურად გაიმართა მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადავანაწილეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

პოლიციისთვის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს სამართალდარღვევას ან დანაშაულს, ყველას მიმართ რეაგირება იქნება შესაბამისი, აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ასევე, დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, აღკვეთოს სამართალდარღვევები ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის თქმით, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, მათ შორის პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა და ურთიერთდაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

არჩევნებს აკვირდებოდა 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი აშუქებდა.