უცხოეთი
თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო.

როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ ამერიკულ შეთავაზებას - კერძოდ, ამერიკული სისტემა Patriot-ის ყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა პარალელურად აგზავნის თავის სამხედროებს რუსეთში C-400-ის ასათვისებლად.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები რუსეთთან, უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი და ვაპირებთ მის შესრულებას,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, თურქეთს ესაჭიროება საჰაერო დაცვის თანამედროვე საშუალებები ქვეყნის 82 მლნ. მოქალაქის დასაცავად.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთი აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას სამხედრო თვითმფრინავის F-35-ს პროგრამის ფარგლებში და გამოთქვა იმედი, რომ მუშაობა ამ მხრივ გაგრძელდება.

CNBC-იმ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-მ ულტიმატუმი თურქეთს წაუყენა და მოითხოვა მისგან ივნისის პირველი კვირის ბოლომდე რუსეთთან გარიგებაზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარას მოუწევს F-35-ს პროგრამიდან გასვლა და უკვე შეკვეთილი 100 თვითმფრინავის დაკარგვა.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია შეისყიდოს ერთიანი სტანდარტის შეიარაღება, ს-400 კი ამ ნორმებს არ შეესაბამება და შეუთავსებადია ნატოს სისტემებთან. მის ნაცვლად აშშ ურჩევს ანკარას Patriot-ს ყიდვას, თუმცა ამერიკული სისტემა რუსულზე ძვირია.

რუსეთმა და თურქეთმა 2017 წლის ბოლოს დადეს ხელშეკრულება С-400-ს შეძენის თაობაზე - კონტრაქტის ღირებულებაა 2,5 მლრდ. დოლარი.

რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, ყველაზე მტკივნეული თურქეთისთვის იქნება უარის თქმა F-35-ის პროგრამაზე.
ანკარამ მიიღო მონაწილეობა ამ თვითმფრინავის შექმნაში და შეუკვეთა 100 ერთეული. ფორმალურად პირველი თვითმფრინავი გადაეცა თურქეთს 2018 წლის ივნისში, თუმცა, რეალურად, მას არ გადაუკვეთია აშშ-ს საზღვარი.
ასევე С-400-სთან დაკავშირებულ გარიგების გამო აშშ-ს კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა არ გამორიცხეს ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. მიმდინარე წლის 1 აპრილიდან კი აშშ-მ შეწყვიტა F-35-ს აღჭურვილობის და სათადარიგო ნაწილების მიწოდება თურქეთისთვის.

აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა ურჩია თურქეთს „ნუ მლიქვნელობს პუტინის წინაშე“ და უარი თქვას С-400-ს ყიდვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი დარჩება F-35-ს პროექტის მიღმა - აშშ-ს გარეშე თურქეთი არ ფლობს საკმარის ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად აწარმოოს ეს თვითმფრინავი.
თურქეთში კი აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში, შტატების ზეწოლის მიუხედავად, არ გაწყვეტენ უკვე დადებულ კონტრაქტს რუსეთთან.

კერძოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა მუდმივად განიხილავს ან საკითხს ვაშინგტონთან, თუმცა მოსკოვთან გარიგების ჩაშლაზე საუბარი ზედმეტია.

„ვერაფერი ვერ გადაავადებს ჩვენი მხრიდან ამ სისტემების ყიდვას,“ - განაცხადა მინისტრმა.

თურქეთში ამ საკითხს არ განიხილავენ პოლიტიკურ ჭრილში და მზად არიან საერთოდ უარი თქვან Patriot-ზე, რადგანაც ის რუსულ სისტემაზე ბევრად უფრო ძვირია.

commersant.ge