საზოგადოება
„ქართუს“ დაფინანსებით თბილისში სომხური თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ფონდი ქართუს დაფინანსებით თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული დრამატურგიული თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახ კალაძემ და ფონდი “ქართუს“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა დაათვალიერეს.

როგორც მშენებლები აცხადებენ, ამ ეტაპზე უკვე მოხდა ძველი შენობის მთლიანი დემონტაჟი, გაკეთებულია დრენაჟი შენობის მთელ პერიმეტრზე.

პროექტის მიხედვით, თეატრის შენობა გაყოფილია ორ ნაწილად: სცენის ნაწილი და დარბაზის ნაწილი. ამ დროისთვის ორივე ნაწილზე მიმდინარეობს რკინაბეტონის კარკასის აწყობა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2017 წლის პროექტის მიხედვით, მიმდინარეობდა შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თუმცა საძირკვლისა და კედლების გაშიშვლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში, რაც დაადასტურა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამაც. აქედან გამომდინარე, შემუშავდა ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა 6403 კვადრატული მეტრი ფართობის სრულიად ახალი შენობის აგება.

ახალი შენობა ჯამში 607 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის საერთო საპროგნოზო ღირებულება შეადგენს 18 მილიონ ლარს.

წლის ბოლომდე შენობა მზად იქნება მოსაპირკეთებლად, ხოლო მშენებლობა 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.