აქტუალური
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაოდ მასშტაბური და საჭირო პროექტია.

ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დღეს საღამოდან უკვე კონკრეტულ ლოკაციაზე შეიზღუდება მოძრაობა, ვარაზისხევიდანპიქსელისშენობამდე, ატენის ქუჩამდე შეიზღუდება მოძრაობა. გვინდა, რომ სრულად მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როდესაც ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას. მხოლოდ მოასფალტება არ შველის საქმეს და ეს არ არის გაკეთებული საქმე. გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე. ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს სანიაღვრე სისტემები. ამ მიმართულებით ჭავჭავაძეზე გვაქვს მძიმე მდგომარეობა, საჭიროებს გადაუდებელ სამუშაოებს. იმის გამო, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში, მთლიანად ჭავჭავაძეს ვერ გადავკეტავდით, მოხდება ლოკაციების შერჩევა და ადგილების გადაკეტვა. პირველი ეტაპი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე გვაქვს. ჩამოყვანილი გყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც დააკვირდებიან პროცესს“, – განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას 15 მილიონი ლარი დასჭირდება და ქუჩაზე მოეწყობა ავტობუსების ზოლები, საფეხმავლო ბილიკები, სრულად შეიცვლება განათება.

თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვალა.