უცხოეთი
საქართველოს გენერალური პროკურატურა უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციაზე მიმართავს

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკავებულია საქართველოში ძებნილი გიორგი სამუშია, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორმა, ვლადიმერ ვექილიანმა განაცხადა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამუშიას ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

„ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, ამავე საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.

2012 წლის 28 ივლისს, შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების – დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას დავალებით, ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს, ხელბორკილებით და სახეზე ნიღაბჩამოცმული გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ზემოხსენებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ერთობლივი განზრახვით დაგეგმილი იყო წამების გზით კობერიძისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებითი ჩვენების მიღება.

ამ მოთხოვნით, დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს ელბერდ კობერიძე. წამების დროს არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი. ელბერდ კობერიძე იმდენად სასტიკად აწამეს, რომ მან გონება დაკარგა და უმწეო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები იმყოფებოდა 10 დღის განმავლობაში. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე რიგითი თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

აღნიშნული ქმედებისათვის გიორგი სამუშიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2015 წლის 11 დეკემბერს და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, თუმცა საპატიმრო 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე სამუშიას სასამართლომ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება, შეუფარდა გირაო და დამატებითი ღონისძიების სახედ განესაზღვრა პასპორტის ჩამორთმევა. სამუშიამ მოტყუებით, თითქოსდა დაკარგა პასპორტი, საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი პასპორტის დამზადება, რომლის გამოყენებითაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, რის გამოც მის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. სამუშიასთან ერთად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმე წარმართულია სასამართლოში და მიმდინარეობს არსებითი განხილვა.

საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში მიმართავს უკრაინის გენერალურ პროკურატურას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე“, – განაცხადა პროკურორმა.

საქართველოს პირველი არხისთვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს.

1tv.ge