აქტუალური
მამუკა ბახტაძე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ივნისს 9-დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში როუდშოუს გამართავს. უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს პრემიერი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს გააცნობს და სხვადასხვა სფეროში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ესაუბრება.

მამუკა ბახტაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებში, სადაც იმ შესაძლებლობებზე ისაუბრებს, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ვაშინგტონს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერ-მინისტრი მისასალმებელი სიტყვით გახსნის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს მამუკა ბახტაძის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, რომელზეც მოწვეული არიან აშშ-ის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.