აქტუალური
პრემიერი ბახტაძე მოუწოდებს ამერიკელ მეწარმეებს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც მათ საქართველო სთავაზობს

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ჩვენი ქვეყანა არის მესამე ადგილზე მსოფლიოში საგადასახადო რეჟიმის სიმსუბუქის თვალსაზრისით, რისი მიღწევაც არ იყო მარტივი; ჩვენ დღესაც გვაქვს ჯანსაღი ბალანსი ინფრასტრუქტურაში და ადამიანურ კაპიტალში მზარდ ინვესტიციებსა და დაბალი გადასახადების შენარჩუნებას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში, რასაც ადასტურებენ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საქართველოს მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები.

ჩვენ მივესალმებით, მოვუწოდებთ და ვიწვევთ ამერიკელ მეწარმეებს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს. ჩვენი მდებარეობის წყალობით ჩვენი უშუალო რეგიონული ბაზარი მოიცავს 500 მილიონ ადამიანს. ამერიკულ ბიზნესებს ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გასასვლელს ევროპის და აზიის ბაზრებზე. საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭეა ევროპაში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მზარდი სამომხმარებლო ბაზარი. ამ რეგიონში თავმოყრილი მსოფლიოს ყველა მინერალური რესურსის 18%. ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს ამ ქვეყნების დახმარებაში, სრულად გამოიყენონ ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში. სწორედ ამიტომაც ვაშენებთ ღრმაწყლოვან პორტს საქართველოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ილაპარაკა მწვანე ეკონომიკის სტრატეგიაზე, რომელიც კონცენტრირებულია ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაცვაზე და მომავალი თაობებისთვის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზე.