აქტუალური
გიორგი ქობულია: ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა

 საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა. მისი თქმით, ჰქონდა კითხვის ნიშნები, რის გამოც დასაბუთება მოითხოვა, თუმცა ვერც მთავრობიგან და ვერც კონსორციუმისგან მიიღო.

"ვეძებე ძალიან დიდი ხანი სამინისტროში. პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ანალიზი არ არსებობდა ბოლომდე. არც კონსორციუმს ჰქონდა ბოლომდე ეს ანალიზი. იყო ზოგადი ანალიზი", — განაცხადა ქობულიამ გადაცემა „360 გრადუსში“.

ქობულია აბსურდულს უწოდებს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ პორტის მშენებლობას უშლიდა ხელს. მისი თქმით, არსებობდა ბევრი უპასუხო კითხვა, რომლებიც მას ამ პროექტზე ეჭვებს უჩენდა. მათ შორის, დაასახელა ის, რომ კონსორციუმმა წლების განმავლობაში ვერ შეაგროვა საკუთარი კაპიტალი.

ქობულიამ მანამდეც განაცხადა, რომ პორტის პროექტს სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი 18 აპრილს მოაწერა. 4 მაისს შაბათის კურიერში გავიდა ქობულიას კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. პრემიერმა კი განაცხადა, რომ მასთან ხედვებსა და მიდგომებში აცდენა ჰქონდა.