უცხოეთი
დონალდ ტრამპი - უცხო ქვეყნისგან ჩემი მეტოქის შესახებ კომპრომატს მივიღებდი

 აქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, თუ უცხო ქვეყანა მისი კონკურენტის შესახებ დამაზიანებელ ინფორმაციას მიაწვდის, ამ ცნობებს მოისმენს და საჭიროების შემთხვევაში ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს მიმართავს. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ეიბისისთან” (ABC) ინტერვიუს დროს გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა ეს უცხო ქვეყნის ჩარევა აშშ-ის საარჩევნო პროცესში, ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს ასე არ არის“.

„თუ მათ აქვთ ინფორმაცია, და მე მას მივიღებდი. ამ ინფორმაციას მოვისმენდი. მოსმენით არაფერი დაშავდება. თუ ვიფიქრებდი, რომ რაიმე საგანგაშო ხდება, შესაძლოა ფედერალური საგამოძიებო ბიუროსთვის მიმემართა. მაგრამ როდესაც ვინმე მოდის და მთავაზობს ოპონენტის კვლევას… თუ კონგრესმენებს ჰკითხავთ, ისინი ამას აკეთებენ. ეს ასე ხდება ხოლმე. ამას ჰქვია ოპონენტის კვლევა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებებს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „ღიად მიესალმა უცხო ქვეყნების ჩარევას აშშ-ის საარჩევნო პროცესში“.

„ეს პოლიტიკა არ არის. ეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება“, – წერს ჯოზეფ ბაიდენი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

1tv.ge