სამართალი
გავერთიანდეთ ციხეებში პატიმრების წამების წინააღმდეგ ბრძოლაში

qart_cixe„საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“ საზოგადოებას ქართულ ციხეებში მყოფი პატიმრების უფლებების დასაცავად გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.

როგორც 11 მარტს მედიაკავშირ „ობიექტივში“ საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ციხეებში პატიმრების წამების წინააღმდეგ ბრძოლა – ეს ის თემაა, რომლის გარშემოც საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს.

„2010 წელს ამ რეჟიმის ჯალათებმა 100-ზე მეტი პატიმარი სადისტურად გამოასალმეს სიცოცხლეს. ერთ-ერთი მაგალითი წელს, 6 მარტს, გლდანის ციხეში წამებით მოკლული მალხაზ მუზაშვილია. ჩემი თვალით ვნახე, რომ იგი წამებით არის მოკლული, სამედიცინო დასკვნაში კი სიკვდილის გამომწვევ მიზეზად ტუბერკულოზია მითითებული“, – ამბობს ირმა ინაშვილი და მოუწოდებს საზოგადოებას, დაივიწყოს შიში და ხმა აიმაღლოს ამ არაადამიანური ქმედებების წინააღმდეგ.

სახალხო მოძრაობაში აცხადებენ, რომ მალხაზ მუზაშვილის წამების დამადასტურებელი ფოტომასალა უკვე გადაუგზავნეს ბრიუსელში მოძრაობის წევრებს, რომლებიც აღნიშნულ მასალებს უახლოეს მომავალში ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადასცემენ.

„საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“ მოითხოვს, საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს მოძრაობის მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტის საჯარო განხილვა და ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს მისი მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრების უფლებების დასაცავად და ციხეებში პატიმრების წამების აღსაკვეთად აქციებს გამართავს.

„მოვუწოდებთ საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უბრალო მოქალაქეებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, 18 მარტს, 18 საათზე, შემოუერთდნენ კინოს სახლთან დაგეგმილ აქციას და ერთად გავაპროტესტოთ ციხეებში არსებული მძიმე მდგომარეობა, პატიმრების წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა“, – განაცხადა ინაშვილმა.