რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე (16.06.2019)

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი.

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - სულთმოფენობას. სული წმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.

დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით. აი ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო და ვერცხლი, სიმდიდრე. ქართველ ადამიანს სჭირდებოდა და სჭირდება მადლი ღვთისა.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. მათ არ ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე. აი ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევს ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ.

ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე. მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა, დიდი საფრთხეების წინაშე დგას. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს.

საქართველო, ნათქვამია, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს.

დალოცვილი იყავით და ინებოს უფალმა, რომ მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.