სამართალი
შსს-მ ლგბტ-ს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა, - აღშფოთებულია საქართველოს ომბუდსმენი

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვერც ერთი უწყება ვერ აუკრძალავს პირებს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წლების განმავლობაში არ იცვლება ვითარება და რეალურად ლგბტ თემს არ ეძლევა მშვიდობიანი ფორმით თუნდაც საკუთარი პრობლემების შესახებ საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვერც ერთი უწყება ვერ აუკრძალავს პირებს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას. საბოლოო ჯამში, ეს არის თემის გადასაწყვეტი, რა ფორმას და როგორ აირჩევენ. თუმცა, შსს- მხრიდან იყო ცალსახა პოზიცია დაფიქსირებული. როგორც სახალხო დამცველი, ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში არ იცვლება ვითარება და რეალურად ლგბტ თემს არ ეძლევა მშვიდობიანი ფორმით, თუნდაც საკუთარი პრობლემების შესახებ საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა. ამჯერად კიდევ უფრო გამწვავდა და გართულდა ვითარება და ეს ნამდვილად წარმოადგენს მათი უფლებების შეზღუდვას. დღეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ მათი უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ იქნება და შესაძლებელია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდეს. საერთოდ არ ყოფილა საუბარი ალტერნატიულ სივრცეებზე ან უსაფრთხო ადგილას შეხვედრის ორგანიზებაზე იქ, სადაც უფრო ადვილად იქნებოდა მათი უსაფრთხოება დაცული. იყო პირდაპირი პოზიცია, რომ საჯარო სივრცეში შეკრების უზრუნველყოფა არ იყო მიზანშეწონილი, ეს იყო რჩევა მათი მხრიდან და ღია პოზიცია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ლგბტ თემის მხრიდან საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ.

თუმცა, ლომჯარიას თქმით, ადრესატი არ ყოფილა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საუბარი იყო ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე და სქესის იდენტიფიცირებაზე, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას კომისია, რომელიც იმუშავებს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების საკითხებზე. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს მთავრობაში უნდა არსებობდეს საკონტაქტო პირი, რომელიც იქნება საკონტაქტო პირი თემსა და ხელისუფლება შორის და მათი უფლებების დარღვების შემთხვევებზე იმუშავებს. ასევე საუბარი შეეხო იმასაც, რომ ამ დღეების განმავლობაში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ არ გაკეთებულა განცხადებები მათი უფლებების დასაცავად და ისინი მოითხოვდნენ, რომ პოლიტიკური განცხადებები სახელმწიფოს მხრიდან ყოფილიყო გაკეთებული. ასევე დაფიქსირებული იყო კრიტიკა და მეც ვიზიარებ ამას - ძალიან სამწუხაროა, იმ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ვინც განცხადება გააკეთა, ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი დასვეს მოძალადე ჯგუფებსა და მშვიდობიანი გამოხატვის, შეკრების ორგანიზატორებს შორის და წარმოაჩინეს ისინი, როგორც დაპირისპირებული მხარეები, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ დაპირისპირებაც და ძალადობაც ერთი კონკრეტული ჯგუფის მხრიდან მოდის“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა.