აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ქვეყანასთან, რომელიც ოკუპანტია?!

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოსა და რუსეთს შორის მართლმადიდებლურ კავშირზე ლაპარაკი არ შეიძლება, წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიის ჩატარებას აკრიტიკებს, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს.

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხია, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია და თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“, - წერს პრეზიდენტი.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია ჩააგდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის მაგიდასთან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი დაინახეს.

გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან აღმოჩნდა, რადგან მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტია.

ასამბლეის სხდომა ოთხშაბათს ცერემონიების სახელმწიფო სასახლეში, ანუ ავლაბრის პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გაიხსნა. მეორე დღეს ღონისძიება საქართველოს პარლამენტში გაგრძელდა.