პუბლიკაციები
G20 სამიტის მთავარი შეხვედრა: რაზე ილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერს გააკეთებს, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში, „დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვას ვაშინგტონის მხრიდან სანქციების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ვაშინგტონმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო გზა მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირებისთვის.

ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგს აწარმოებს. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, მხარეები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან.

პრესკონფერენციის დროს ვლადიმერ პუტინმა სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას სასარგებლო უწოდა, რადგან მათ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან, სირიასთან, ირანსა და ვენესუელასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

„დიდი ოცეულის“ სამიტზე დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე, სირიაზე, ირანსა და ვენესუელაზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე მხარის და ასევე მთელი მსოფლიოს ინტერესშია.

იაპონიის ქალაქ ოსაკაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა. შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ არსებობს საკითხები, რაზეც ორი ქვეყნის ლიდერებმა უნდა ისაუბრონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლაპარაკების წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი არ არსებობდა და ლიდერებმა პრიორიტეტები თვითონ განსაზღვრეს.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მიმართა - არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში

არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში, – ამ ფრაზით გაეხუმრა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს კოლეგას დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, პირისპირ მოლაპარაკების დაწყებისას.

დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან მრავალი საკითხი აქვს განსახილველი, მათ შორის ვაჭრობისა და განიარაღების თემა.

ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსია გვაქვს. მრავალი თემა არსებობს, რომელსაც განვიხილავთ, მათ შორის ვაჭრობა, განიარაღება, პროტექციონიზმი და სხვა საკითხები. ვფიქრობ, შეხვედრის შედეგები ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ლიდერებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების, მათ შორის ირანის, უკრაინის, სირიის, ახლო აღმოსავლეთის საკითხები და, ასევე, ისაუბრეს ვენესუელაზეც.

დონალდ ტრამპმა ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები უკვე გამართა გერმანიის კანცლერთან, იაპონიისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებთან.

2020 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.