სამართალი
მეტროსადგურ „დელისში“ რუსულენოვანი წარწერა ჩამოხსნეს

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. მეტროსადგურ „დელისში“ კედლიდან რუსულენოვანი წარწერა ჩამოხსნეს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, „დელისის“ რუსულენოვანი წარწერის დემონტაჟი მეტროს ნავიგაციის ორენოვან: ქართულ და ინგლისურენოვან სისტემას არ შეესაბამებოდა და მისი დემონტაჟი დღის წესრიგში დიდი ხანია დგას. თუმცა, რადგან წარწერა სპეციალური ტექნოლოგიით, ყალიბის გამოყენებითაა გაკეთებული და მისი მოხსნა სადგურის ვიზუალურ მხარეს დააზიანებდა, გადაწყვეტილი იყო, კონსტრუქცია მეტროსადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეხსნათ.

ამის მიუხედავად, როგორც კომპანიაში განაცხადეს, გადაწყდა, წარწერის დემონტაჟი რეაბილიტაციამდე მოეხდინათ და ის რამდენიმე დღის წინ მოიხსნა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, წარწერის ადგილი დამუშავდება, რათა სადგურის ვიზუალური მხარე არ დამახინჯდეს, სადგურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი, წარწერის ადგილზე ნავიგაციის სისტემის ამსახველი კონსტრუქცია განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ საბურთალოზე მდებარე მეტროსადგურში რუსულენოვანი წარწერის მოთხოვნა სოციალურ ქსელებში პერიოდულად ვრცელდებოდა.

წარწერის ჩამოხსნის ამსახველი ფოტო გუშინ ფეისბუქზე მიხეილ სვანიძემ განათავსა.