აქტუალური
საქართველო ყაზახეთში ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ყაზახურ კომპანია Food Contract Corporation-თან ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა განიხილა, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ყაზახური კომპანიის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებთან, ასევე კერძო სექტორთან.

მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, მათ შორის, ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე გამახვილდა", – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობას მარცვლეული კულტურების შენახვის, გაშრობისა და გადამუშავების კუთხით.

უფრო ადრე Food Contract Corporation-ის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდნენ და ყაზახეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის გაზრდის საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს. მინისტრის განცხადებით, ეს საქართველოს ხორბლის კონკურენტულ ფასად ყიდვის საშუალებას მისცემს, რაც ხორბლის მარაგის გაზრდას მოემსახურება.

ბოლო რამდენიმე წელია, ხორბლის იმპორტის 90% რუსეთზე მოდის. ქვეყანა ერთ ბაზარზე რომ არ იყოს ასე ძლიერ დამოკიდებული, საქართველოს მთავრობა ხორბლის ალტერნატიულ მომწოდებლებს აქტიურად ეძებს. ამ თვალსაზრისით ყაზახეთი მიმზიდველი პარტნიორია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ნურ-სულთანში ვიზიტის დროს (2019 წლის მაისში) მხარეები სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო ყაზახური ხორბლის მოწოდების გაზრდის საბოლოო გადაწყვეტილება. ყაზახეთმა დაადასტურა, რომ ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას აპირებს. ეს, თავის მხრივ, მის ღირებულებას კონკურენტულს გახდის.

საქართველოსა და ყაზახეთის მთავრობების წევრებმა 2019 წლის მაისში ხელი მოაწერეს საგზაო რუკას 2019-2022 წლებში საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორჯერ გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, რომელმაც 2018 წელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თითქმის 150 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება Food Contract Corporation-ს, ეს სასურსათო კონტრაქტული კორპორაციაა, სახელმწიფოს (ყაზახეთი) ოპერატორი ხორბლის ბაზარზე. ის მონაწილეობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში სასურსათო მარცვლეულის სარეზერვო მარაგის რაოდენობრივ-ხარისხობრივი შენარჩუნების მხრივ, ხელს უწყობს მარცვლეულის შიდა ბაზრის სტაბილიზებას, ექსპორტის განვითარებას, იყენებს მართვის მენეჯმენტის მაღალ სტანდარტებს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.