საზოგადოება
ქართული ღვინის სანქციების თემა დახურულია, ავიამიმოსვლა დროებით არის შეჩერებული - კარასინი

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თქვა, რომ ღვინის სანქციების თემა საქართველოს წინააღმდეგ დახურულია, საჰაერო მიმოსვლა კი დროებით არის შეჩერებული.

"ნამდვილად, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში, რუსეთში სახელმწიფო დუმამ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების აკრძალვა განიხილა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მოითხოვა თავშეკავება და ისაუბრა დაბალანსებულ მიდგომაზე, ჩვენი ინტერესების დაცვით და განსაკუთრებით, ქართველი ხალხისადმი პატივისცემა აღნიშნა. ამდენად, დღეს ღვინის სანქციების თემა საქართველოს წინააღმდეგ დახურულია," - აღნიშნა კარასინმა.

კარასინმა ისიც თქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვაც დროებითია - "რაც შეეხება, ადრე ძალაში შესულ პრეზიდენტის ბრძანებულებას, რამაც 8 ივლისიდან საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით მიმოსვლა აკრძალა - დროებითია".

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს - "რუსეთი, თავის მხრივ, ჯერ კიდევ ერთგულია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისადმი, რაც მთლიანად აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესებს".

კარასინის განმარტებით, რუსეთი უკვე მრავალი წელია, რაც თავად არის სანქციების ობიექტი და "სხვა ქვეყნებთან მიმართებით მსგავსი შემაკავებელი ზომების შემოღებაზე ცდილობენ ძალიან ფრთხილად იყვნენ".

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, საქართველოში ავიამიმოსვლაზე აკრძალვა სიტუაციის ნორმალიზების შემთხვევაში მოიხსნება.

რუსეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაკისრება რუსეთის დუმაში მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის დაწყების წინ პირდაპირ ეთერში პუტინს აგინა. თუმცა, პუტინმა თქვა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაკისრების მომხრე არ არის.

ეს ყველაფერი საქართველოში ხანგრძლივი ანტირუსული პროტესტის ფონზე მოხდა, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. პროტესტი დღემდე გრძელდება და მისი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაშალა.