უცხოეთი
ოლიმპიელი მოჭიდავე ჟან ბელენიუკი უკრაინის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი დეპუტატი იქნება

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ოლიმპიელი მოჭიდავე ჟან ბელენიუკი უკრაინის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი დეპუტატი იქნება. ის 21 ივლისს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმაღლეს რადაში ვლადიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ სიით მოხვდა.

სპორტსმენი პარტიაში მე-10 ნომერი იყო. ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შედეგად, „ხალხის მსახურს“ ხმათა 42,81 პროცენტი აქვს.

2016 წელს ბელენიუკმა რიოს ოლიმპიადაზე ​ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მას ასევე აქვს მოპოვებული მედლები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ჟან ბელენიუკი 28 წლისაა. ის კიევში დაიბადა. მისი მამა რუანდაში სამოქალაქო ომის დროს დაიღუპა. სპორტსმენი უკრაინელმა დედამ გაზარდა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბელენიუკი აცხადებდა, რომ სპორტის მიტოვებას არ აპირებდა. ის 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადება.

1tv.ge