აქტუალური
ბანკები კრედიტების შემცირებას აპირებენ

banksსაქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 მარტს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უკვე აისახა ეკონომიკაზე, რაც ეროვნული თუ უცხოური ვალუტით სესხების გაცემის ტემპის შემცირებაში გამოიხატა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის აგების შემთხვევაში, გაცილებით ნაკლები ინფლაცია დაფიქსირდება. მისი თქმით, ინფლაციის მოთოკვა თუ გვინდა, უნდა შევზღუდოთ მონეტარული ბაზის ზრდა. ამისთვის, ბენდუქიძის განმარტებით, ორი გზაა: ერთი, რომ მთავრობამ ნაკლები ფული ისესხოს და შეამციროს დეფიციტი; მეორე – კერძო სექტორისთვის ფულის სესხება გართულდეს და ამ გზით მოხდეს ბაზრიდან ფულის ამოღება. თუმცა ეს კერძო სექტორის ზრდას შეაფერხებს.

როგორც ჩანს, მთავრობა ინფლაციის შეჩერებას სწორედ კერძო სექტორის ხარჯზე ცდილობს, რადგან თვითონ ვალების აღების ტემპს არ ამცირებს. კომერციულ ბანკები კი უახლოეს მომავალში კრედიტების გაცემას შეამცირებენ. ამ ინფორმაციას თავად ბანკის წარმომადგენლები ადასტურებენ.

სესხების გაცემამ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ ინფლაციის ხელშეწყობის ფაქტორად იქცა და ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაკრედიტებაზე შეზღუდვები დაუწესა და მეტი ფულის დარეზერვება მოსთხოვა. ბანკები 15 თებერვლიდან ვალდებული არიან, უცხოური ბაზრებიდან მოზიდული სახსრების 15% (იანვრამდე მოთხოვნა 5% იყო) ანგარიშებზე ხელუხლებლად გააჩერონ.

ექსპერტთა ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბანკებიდან სესხის შემცირება გარკვეულ სეგმენტს არ შეეხება:

„თუ სხვა ქვეყნებში ბიზნესზე საპროცენტო განაკვეთი 2,5 პროცენტიდან 3, 5 პროცენტამდე მერყეობს, საქართველოში 22 პროცენტს აღწევს. რაც უნდა კარგი და საინტერესო ბიზნესგეგმა იყოს, ბანკები მასზე სესხს მაინც არ გასცემენ. თუ ვანო მერაბიშვილი დარეკავს, მისცემენ სესხს, რადგან იციან, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვანაირად წაუვათ საქმე. ბანკებს ნათელი დირექტივა აქვთ იმისა, რომ მხოლოდ გარკვეულ და პრივილეგიურ ბიზნესჯგუფზე გასცენ სესხი“, – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.