სამართალი
„მოვყევი ის, რაც მახსოვდა" – ნიკა გვარამია გამომძიებლებთან შეხვედრაზე

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებმა რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის კუთვნილი თანხების მითვისების საქმეზე დაკითხეს.

პროკურატურა გვარამიათი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა პროკურატურაში 16 ივლისს განცხადება შეიტანა. ნიჟარაძის ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიის ფინანსებთან დაკავშირებით გვარამიას მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დანაშულის ნიშნებს შეიცავს.

სარჩელის შეტანიდან ორი დღის შემდეგ, 18 ივლისს „რუსთავი 2"-მა, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მფლობელი შეიცვალა, ნიკა გვარამია კი გათავისუფლდა თანამდებობიდან.

მე მოვყევი ის, რაც მახსოვდა და ვიცოდი... აბსოლუტურად აბსურდული საქმეა. დავაც რომ იყოს, სისხლის სამართლის მიმართულებით საქმის წაყვანა აბსურდულია. სამოქალაქო სამართლის კუთხით შეიძლება ვიღაცამ იდავოს", – განაცხადა გვარამიამ ჟურნალისტებთან შესვენების დროს.

გვარამია გამომძიებლებთან გამოკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იმყოფებოდა.