სამართალი
მაშველებმა დრონის დახმარებით აჭარაში მამაკაცი გადაარჩინეს

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. მახინჯაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, 29 წლის ადგილობრივი მამაკაცი გადაარჩინეს.

მოქალაქე ზღვაში, სამბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რა დროსაც მოქალაქემ დაინახა და სანაპირო ზოლზე მყოფ სამაშველო დანაყოფს მიმართა. გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ტექნოლოგიური სიახლე, მაშველი დრონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, წელს, 2019 წლის საზღვაო სეზონზე დანერგა. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.