უცხოეთი
Reuters: გრენლანდია ტრამპს მიყიდვაზე უარს ეუბნება

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პასუხად, რომელმაც სავარაუდოდ, მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულის, გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, გრენლანდია აცხადებს, რომ არ იყიდება.

როგორც გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Reuters-სთან განაცხადა, „ქვეყანა ბიზნესისთვის ღიაა, მაგრამ - არ იყიდება“.

ამ ინფორმაციას დანიელი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ეს საპირველაპრილოდ კარგი ხუმრობა იქნებოდა, მაგრამ ახლა ამის სეზონი აშკარად არ არის.

თუმცა, Wall Street Journal (WSJ), რომელმაც ეს ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, ირწმუნება, რომ ტრამპი ამის შესახებ სრული სერიოზულობით საუბრობდა.

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ კი დაწერა, რომ ტრამპმა ამის თაობაზე იხუმრა.

თავად თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულის - გრენლანდიის ყიდვა სურს. ამის შესახებ გამოცემამ თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. WSJ-ის მტკიცებით, ტრამპმა თეთრი სახლის იურისტებს პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარებაც სთხოვა, თუმცა პუბლიკაციის ავტორთა თქმით, რამდენად სერიოზულად განიხილავს ტრამპი ამ იდეას, უცნობია.

imedinews.ge