უცხოეთი
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ს გრენლანდიის ყიდვა სურს

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდიის ყიდვა სურს.

ტრამპის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა საუბარი მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულის შესაძლო ყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ამერიკისთვის პრიორიტეტი არ არის.

შეგახსენებთ, რომ გრენლანდია დანიას ეკუთვნის. დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება და აშშ-ის მიერ გრენლანდიის შესაძლო ყიდვა აბსურდია. დონალდ ტრამპი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მომდევნო თვეში ვიზიტს გეგმავს, თუმცა, განიხილება თუ არა დაგეგმილი ვიზიტის დროს გრენლადნიის საკითხი უცნობია.

„დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ გრენლანდიაზე. იგი დანიას ეკუთვნის, ჩვენ კი დანიის კარგი მოკავშირეები ვართ. ჩვენ ვიცავთ დანიას, ისევე როგორც ვიცავთ მსოფლიოს დიდ ნაწილს. ამგვარად, ეს იდეა წამოიჭრა და მე ვთქვი „უეჭველად“. სტრატეგიულად ის საინტერესოა და ჩვენ დაინტერესებულები ვიქნებით, თუმცა, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ,” - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

interpressnews.ge