პოლიტიკა
100-150 მილიონი აშშ დოლარის დახმარება საქართველოსთვის

georgia_ganaაშშ-ს MCC - Millennium Challenge Corporation (ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია) საქართველოსთვის 100-150 მილიონი დოლარის მოცულობის მეორე საგრანტო პაკეტის გამოყოფის საკითხს განიხილავს, – განაცხადა MCC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა.

იანვარში MCC-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და განას მეორედ მიეცათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ წინადადებები ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში საგრანტო პაკეტის მისაღებად. 295.3 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი დახმარების პირველ პროგრამას საქართველოსა და აშშ-ს შორის 2005 წლის სექტემბერში მოეწერა ხელი. პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. პროგრამა წელს მთავრდება.

16 მარტს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე იოჰანესმა განაცხადა, რომ საქართველო და განა შერჩეულ იქნენ „მათი უწყვეტი, ძლიერი პოლიტიკის განხორციელების, განვითარებადი ბაზრის სტატუსის, გლობალური და რეგიონული მასშტაბით მათი სტრატეგიული მნიშვნელობისა და პირველი კომპაქტის წარმატებული განხორციელების“ გამო.

პირველი დახმარების ძირითადი ნაწილი მოხმარდა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას (209 მილიონი აშშ დოლარი); ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციას (49.5 მილიონი აშშ დოლარი) და სხვადასხვა რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს (57.7 მილიონი აშშ დოლარი).

MCC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ დახმარების მეორე პაკეტი მოხმარდება ეკონომიკური ზრდის გამყარებას, რათა მოზიდულ იქნეს კერძო ინვესტიციები და, საბოლოო ჯამში, შემცირდეს დახმარების საჭიროება.

„MCC-ის ახალი ინვესტიციები იმ ქვეყნებთან, რომელთაც წარმატებით დაასრულეს თავიანთი პირველი კომპაქტები, მიმართულია კერძო ინვესტიციების ხელისშემშლელი ფაქტორების დასაძლევად“, – განაცხადა იოჰანესმა.

იოჰანესმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო „გლობალური მასშტაბით აღიარებულია როგორც საინვესტიციო კლიმატის ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმატორი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობის 30 პროცენტი ყოველდღიურად 2 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს“.

თებერვალში აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან მოსალოდნელი დახმარების ახალი პროგრამის მოცულობა 150 მილიონი დოლარიდან 250 მილიონ დოლარამდე იქნებოდა.

მისივე განცხადებით, საქართველო აპირებს რამდენიმე პროექტის წარდგენას, მათ შორისაა ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა; სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის დამაკავშირებელ გოდერძის უღელტეხილზე გზის რეაბილიტაცია; ასევე, „ჯანდაცვის პროექტი, ანუ ამერიკული საავადმყოფო საქართველოში“.