აქტუალური
ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისთვის შევასრულე - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. მამუკა ბახტაძე გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რატომ ტოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. მამუკა ბახტაძე წერს, რომ მისი მოსაზრებით, მისია ამ ეტაპისთვის შეასრულა.

2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისთვის შევასრულე.

2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ახალი შესაძლებლობები მისცა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დაფუძნებულს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი − ბიძინა ივანიშვილი და მსურს, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მას და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი.

ჩემთვის იყო დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი“, – აღნიშნულია მამუკა ბახტაძის განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 2018 წლის 20 ივნისს დაამტკიცა. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე კი მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. მინისტრად დანიშვნამდე კი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.