უცხოეთი
ნადეჟდა სავჩენკო უკრაინულ ტელეკომპანია „ზიკზე“ გადაცემას წაიყვანს

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინულ ტელეკომპანია „ზიკზე“ გადაცემას წაიყვანს. ტელეარხმა გადაცემის ანონსი უკვე გამოაქვეყნა. გადაცემის სახელწოდებაა „კომენტატორი“.

როგორც ანონსის ვიდეორგოლში ნადეჟდა სავჩენკო ამბობს, ის მაყურებლებს „უმაღლესი რადას საიდუმლოების“, კულუარული საუბრების შინაარსის შესახებ მოუყვება, ასევე იმაზე, თუ როგორ იღებენ დეპუტატები უკრაინელებისთვის საზიანო კანონებს.

გასულ კვირას ნადეჟდა სავჩენკომ ერთ-ერთი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ სამსახურს ვერ შოულობს, ციხეში ჯანმრთელობის მხრივ შექმნილი პრობლემების გამო კი, სამხედრო სამსახურში დასაბრუნებლად სავარაუდოდ სამედიცინო შემოწმებას ვერ გაივლის.

შეგახსენებთ, ნადეჟდა სავჩენკო რადას ვადამდელ არჩევნებში დონბასში მდებარე სოფელ ზაიცევოდან იყრიდა კენჭს, თუმცა მხოლოდ რვა ხმა მიიღო.

მანამდე, მას რადას სხდომათა დარბაზში ტერაქტის მომზადებაში წაუყენეს ბრალი, დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმეს და დააკავეს. ნადეჟდა სავჩენკო კიევის რაიონულმა სასამართლომ 16 აპრილს გაათავისუფლა.

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მფრინავი იყო. ის 2014 წლის ზაფხულში რუსი ტელეჟურნალისტების მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთში დააკავეს. 2016 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ორ თვეში სავჩენკო მოსკოვმა კიევს უკრაინაში დაკავებულ რუსეთის ორ მოქალაქეზე გაუცვალა.

1tv.ge