სამართალი
რუსეთის ფედერაციის მხრიდან კომპენსაციის გადახდა არის უპირობო ვალდებულება - გოჩა ლორთქიფანიძე

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. “რუსეთის ფედერაციის მხრიდან კომპენსაციის გადახდა არის უპირობო ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრთა კომიტეტის მიერ აუცილებელია ჩამოყალიბდეს ერთი პრინციპი.

იუსტიციის სამინისტრო ყველა ძალისხმევას მიმართავს დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

თქვენთვის ცნობილია, რომ პირველ მაისს, როგორც კი რუსეთის ფედერაციამ კომპენსაციის გადახდის ვადას გადააცილა, ჩვენ მოვითხოვეთ ეს საკითხი გადაცემული ყოფილიყო მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგში, რადგან კომიტეტი არის ევროპის საბჭოს ორგანო.

გუშინ შედგა დებატები, ჩვენ ვიმუშავეთ დელეგაციასთან და ვეყრდნობით მათ მხარდაჭერას, იმისათვის, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება დაეფუძნოს ერთ პრინციპს, რაც არის ის, რომ კომპენსაციის გადახდა არის უპირობო ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან. უფრო მეტ დეტალს გადაწყვეტილების გამოსვლის შემდეგ გაგიზიარებთ, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა.

ეს თანხა განაწილდება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები და კვლავაც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ამ მიზნის მისაღწევად განხორციელებული ქმედებების შესახებ.