უცხოეთი
სალომე ზურაბიშვილი - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ მხარდამხარ ვერ ვიბრძოლებთ, თუკი საერთო ძირითადი ფასეულობები არ გვექნება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დემოკრატია ერთ-ერთი ასეთი ფასეულობაა.

„დემოკრატია ის არის, რაც თითოეული და ყოველი მოქალაქის სრული ჩართულობის, სრული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საშუალებას იძლევა გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, რომელსაც ახლა ვახორციელებთ.

უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დემოკრატიული გზით განვითარებისაკენ გააკეთა არჩევანი. თანდათან საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ჩვენ სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავედით. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გზით ჩვენ უფრო და უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემამდე მივედით.

სრულად პროპორციული სისტემის დანერგვის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თმით, პლურალისტული და ძლიერი მასმედია დღევანდელი საქართველოს რეალობაა.

„ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მესამოცე ადგილს ანიჭებენ; შთამბეჭდავი პროგრესია ამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო 104-ე ადგილს იკავებდა.

სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს საკუთრების უფლებას, მათ შორის მედიის სექტორში, რასაც შედეგად მეტი პლურალიზმი და ახალი არხების გახსნა მოჰყვა. ახალი კონსტიტუცია, რომელიც გასულ წელს იქნა მიღებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალაუფლების გამიჯვნის მკაცრ პრინციპს, ხაზს უსვამს ყველა ძირითად უფლებას და დიდი რაოდენობით ახალი სოციალური უფლებების შემოტანით მაღალ სტანდარტს ნერგავს; ყოველივე ამის წყალობით იგი ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია გახლავთ მსოფლიოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანიშნა, რომ ასეთივე იყო 1921 წლის კონსტიტუციაც, რომელიც აღიარებდა ქალთა საარჩევნო უფლებას, რაც გულისხმობდა როგორც ხმის მიცემას, ასევე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას.

„პირველ დამფუძნებელ კრებაში ხუთი ქალი იყო არჩეული; საქართველო ქვეყანაა, სადაც საერთოდ პირველად იქნა არჩეული მუსლიმი ქალი. დღეს მე მსოფლიოს 11 ქალ პრეზიდენტთა რიცხვს ვეკუთვნი და რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტი ვარ. საქართველო ამჟამად გადავიდა სასამართლო რეფორმების მეოთხე ეტაპზე, რომელიც მიზნად ისახავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას, სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების რწმენის გაზრდას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დემოკრატიზაციას. ეს ყველაზე საფრთხილო და მნიშვნელოვანი ეტაპია და დამატებით დახმარებასა და მხარდაჭერას მოითხოვს პარტნიორებისაგან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროგრესი სახეზეა და ადვილად შეიძლება გაიზომოს.

„ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი საჩივრების რიცხვი 11-ჯერ შემცირდა 4453-დან 415-მდე. მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევის შედეგებით, საქართველო 126 სახელმწიფოს შორის 41-ე ადგილს იკავებს. გარდა 2014 წელს მიღებული კანონისა, რომელიც ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას ითვალისწინებს, ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ თანასწორობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შრომით ურთიერთობებში, დასაქმების სფეროსა და პროფესიულ საქმიანობაში. აგრეთვე, ბევრი რამ კეთდება სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლა მუშავდება ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც სრულად შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

1tv.ge