პოლიტიკა
ლავროვი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მან გამოცემა Kommersant-ს ამ და სხვა საკითხებზე ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ალბათ, მე ამ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული გამოხდომის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, დარბაზში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობის დროს. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ უხეშად ჩაშალეს ეს ღონისძიება და შემდეგ რუსეთს დააბრალეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც თითქოს რუსოფობიური კამპანია გააჩაღა. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა. მათ წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ. რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა ნამდვილად არ ყოფილა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას“, – ამბობს სერგეი ლავროვი Kommersant-თან საუბრისას.

ლავროვი გამოცემასთან ინტერვიუში, ასევე აცხადებს, რომ რუსეთს 2019 წლის ზაფხულში უკვე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მზად ჰქონდა. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვამ ეს პროცესი უკან დასწია.

ლავროვმა ასევე ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზეც. ჩრდილოანტალნტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი საქართველოსთან ომს არ დაიწყებს, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება. კომერსანტმა ლავროვს კითხვა დაუსვა 2008 წლის მოვლენებზეც. საპასუხოდ რუსეთის პირველმა დიპლომატმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს დანაშაულებრივი ბრძანების გაცემაში დასდო ბრალი.

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ.

მოგვიანებით ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება.