სამართალი
ცხინვალის ციხეში მარეკ დუდაევის მკვლელი გარდაიცვალა

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ცხინვალის ციხეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მარეკ დუდაევის მკვლელი ვიაჩესლავ კაზიევი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა. ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს. ​საპატიმრო დაწესებულების ინფორმაციით, კაზიევი სასადილოში იკვებებოდა, განაწესს იცავდა და შიმშილობაში არ მონაწილეობდა.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წლის მარტში, გორში მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს, სასამართლომ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის ივნისში მარეკ დუდაევი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნდა.

2016 წლის ივნისში, ოსმა სამართალდამცავებმა დუდაევი ოკუპირებული ახალგორის რაიონში დააკავეს. მედიის ცნობით, დუდაევის დაკავებას წინ უძღვოდა მისი კონფლიქტი ადგილობრივ კონტრაბანდისტ ტარიელ ბაშარულთან.

დეფაქტო შსს-ს ინფორმაციით, დუდაევს მისმა თანასოფლელმა, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევმა ესროლა. მკვლელობა სოფელ არცევში 15 იანვარს მოხდა. 28 აპრილს კაზიევმა დუდაევის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ჩააბარა.