სამართალი
მოსკოვში ვატო ყიფიანი დააკავეს

vato-kifianiტვერის შინაგან საქმეთა საოლქო განყოფილების თანამშრომლებმა მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს. ყიფიანი კრიმინალურ წრეებში „ვატოს“ ზედმეტსახელითაა ცნობილი. მას ბრალად ედება გამომძალველობა. იგი საქართველოში აღძრულ ხმაურიან სისხლის სამართლის საქმეზე საერთაშორისო ძებნაში იმყოფება.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინათ პოლიციას მამაკაცმა მიმართა და განაცხადა, რომ მისი მეგობარი ვახტანგ ყიფიანმა გაიტაცა.

18 მარტს ვატომ თანამონაწილეებთან ერთად გაიტაცა მსხვერპლი და იგი ტვერის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მარიოტ გრანდ ოტელის“ ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტა. იქ გატაცებულს დანით დაემუქრნენ და ვალის გადახდა მოსთხოვეს, რომელიც 750 ათას რუბლს შეადგენდა. გატაცებული პიროვნება, 35 წლის, ასევე, საქართველოს მოქალაქე, სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს, ვახტანგ ყიფიანი კი დააკავეს.

სასტუმროს ნომერში დიდი სუვენირული დანა აღმოაჩინეს.

ვახტანგ ყიფიანის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გამომძალველობის მუხლით.

ოპერატიული მონაცემებით, 32 წლის ვახტანგ ყიფიანი საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მაფიოზურ კლანს, შემდეგ კი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად.

ტვერის შს საოლქო განყოფილების თანამშრომლების ინფორმაციით, მათ მიმართა ერთ დროს გავლენიანი ავტორიტეტის – ოთარ (სნაიპერმა მოკლა1994 წელს) კვანტრიშვილის ვაჟმა.