აქტუალური
სუს-ის ახალმა მეთაურმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის 5 ელემენტი ჩამოთვალა

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მის კანდიდატურას განიხილავენ.

ლილუაშვილი აცხადებს, რომ მთლიანობაში, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდული ომის ხუთი ძირითადი ინსტრუმენტით მოქმედებს: საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები; საინფორმაციო ომი; ე.წ. რბილი ძალა; ეკონომიკური ექსპანსია; ფარული ოპერაციები.

შევჩერდები ეკონომიკური ბერკეტების საკითხებზე, რომელსაც რუსეთი იყენებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაფერხებლად, ეკონომიკურ ექსპანსიას ვგულისხმობ. მიმდინარე კონფლიქტები, ბორდერიზაციის მცოცავი პროცესი არ არის მხოლოდ ქართული მიწების მიტაცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ეს გახლავთ პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებისკენ, ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების შანსის შემცირებისკენ და ამას ძალიან ეფექტურად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, ვინაიდან მიმდინარე არეულობებით და ექსცესებით ცდილობს საქართველოს შეუქმნას არასტაბილური ქვეყნის სტატუსი, სადაც არა მარტო ეკონომიკური ინტერესები და ინვესტიციები, არამედ ადამიანის უფლებებიც კი შესაძლოა იყოს დაუცველი. სწორედ ეს არის ამ ექსპანსიის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილზე, ეს არის ფარული ღონისძიებები.

აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქმედების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. ძირითადად მიმართულია ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევისა და ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ნიადაგზე სამოქალაქო შუღლის გაღვივებაზე.

ფარული ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილია კიბერსივრცე და ამ კონტექსტში სახეზეა არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. სულ უფრო დახვეწილი გახდა კიბერსაშუალებების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ფსიქოლოგიური გავლენის ოპერაციების წარმოება. აღნიშნული მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების ფორმირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.