საზოგადოება
შიმშილის გლობალურ ინდექსში საქართველო 39-ე ადგილზეა

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველომ „შიმშილის გლობალური ინდექსი 2019"-ის რეიტინგში 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილი დაიკავა. კვლევა ირლანდიურმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ Concern Worldwide და გერმანულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Welthungerhilfe მოამზადეს.

ინდექსი ქვეყნების მდგომარეობას 100-ქულიანი სკალით აფასებს, სადაც 0 საუკეთესო მაჩვენებელია, 100 კი ყველაზე ცუდი.

კვლევის თანახმად, საქართველო შიმშილის დაბალი დონის ქვეყანაა. წელს ქვეყანამ 0,9 პუნქტით უკან დაიხია და 9,2 ქულა დააგროვა.

შიმშილის ინდექსში საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ბელარუსს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ჩილესა და კოსტა-რიკას, ყველაზე ცუდი კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, იემენს, ჩადს, მადაგასკარსა და ზამბიას.

მეზობელმა აზერბაიჯანმა 29 ქულა მიიღო, სომხეთმა – 30.

0-დან 10 ქულამდე მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში „შიმშილის დაბალი მაჩვენებელია", 10-დან 19,9 ქულის მქონე ქვეყნებში – „შიმშილის საშუალო დონე", 20-დან 34,9-მდე ქულის მქონე ქვეყნებში – „შიმშილის სერიოზული დონე", 35-დან 49,9 ქულის შემთხვევაში – „შიმშილის საგანგაშო დონე", 50 ქულიდან ზემოთ კი „შიმშილის კატასტროფული დონეა".