აქტუალური
ეროვნულმა ბანკმა შეიძლება კრედიტების გაცემის წესები გაამარტივოს - კობა გვენეტაძე

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება გაამარტივოს სესხების გაცემასთან დაკავშირებით საბანკო რეგულაციები, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გასამკაცრებლად გარკვეული ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ. გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის უცხოურ ვალუტაში გაცემა.

იმისთვის, რომ პროცესი უფრო მარტივი გავხადოთ, მოვაშოროთ თუ რაიმე ზედმეტი ბიუროკრატიაა, ჩვენ გვაქვს ასეთი სურვილი, რომ რეგულაციები ამ მხრივ გავამარტივოთ ისე, რომ დაცული იყოს დოკუმენტში ჩადებული ძირითადი პრინციპი. კერძოდ – არიდებული იყოს ჭარბვალიანობა, სესხის მიღება მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გადახდის საშუალება არის", – განაცხადა გვენეტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ რეგულაციების შემოღების შემდეგ გაიზარდა კორპორატიული სესხები და სესხები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. კერძოდ, დაკრედიტების ზრდამ შეადგინა 13% გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, რაც კარგი მაჩვენებელია.

სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არაუმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი – არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები – მაქსიმალური 4 წლის ვადით.

საბანკო რეგულაციების მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა.