საზოგადოება
საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირება მოახდინა

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიონ საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, სუმბაევის ექსტრადირებისთვის არანაირი სამართლებრივი ბარიერი არსებობდა, მათ სორის არც სტრასბურგის მხრიდან.

მინდა, მოვუწოდო ყველა ადვოკატს, ვინც საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისგან ხოლმე და დაე, ყველამ იცოდეს, რომ რომელი მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი. საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიონ საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას, შესაბამისად როგორც ქართულ სასამართლოებში, ისევე სტრასბურგის სასამართლოში სუმბაევის საქმე დაცვის მხარის საზიანოდ არის დასრულებული, იუსტიციის მინისტრის ბრძანება გამოცემულია ევროპული სტანდარტების დაცვით და რადგან არავითარი ბარიერი, არც სამართლებრივი და არც სხვა არ არსებობს, რომ ეს პირი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში, ამ წუთებში მიმდინარეობს მისი გადაცემა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება გუშინ განხორციელდა.