აქტუალური
ილია მეორე გადადგომას არ აპირებს - მიქაელ ბოტკოველი

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. მასმედიაში გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გადადგომას აპირებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი თავის სტატუსზე უარს ამბობს.

ასეთი ჭორები გავრცელდა ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ მთავრობის წევრები ილია მეორის გადაყენებას აპირებდნენ.

რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, თითქოსდა პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალს, ის ატარებს რეზიდენციაში რამდენიმე დღეს და ისევ ბრუნდება ქალაქში", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

ილია მეორე კვირას სეზონური ვირუსული ინფექციის გამო საკვირაო წირვას ვერ დაესწრო. როგორც პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, გართულების თავიდან აცილების მიზნით ის რამდენიმე დღეს სახლში ატარებს.

ილია მეორე 86 წლისაა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აკურთხეს, როდესაც 44 წლისა იყო.

რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალს, კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს დანიშნა. სხდომას დაესწრება თავად მეუფე იაკობი, რომელმაც განაცხადა, რომ მას მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში სთხოვდნენ ილია მეორის გადადგომაში დახმარებას, შეხვედრას კი ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

მას შემდეგ, რაც სკანდალურმა განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეუფე იაკობი შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს და აცნობა მას თავისი გადაწყვეტილება პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ილია მეორის პასუხი ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა განცხადებას ხელი მოაწერა.