აქტუალური
ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

budget-cutsპარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება არსებული 27.2 მლნ ლარიდან 15 მლნ ლარამდე შემცირდა მისი უფლებამოსილებების შეკვეცის შესაბამისად. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მთლიანი დაფინანსება არსებული 204.7 მლნ ლარიდან გაიზარდა და 216.8 მლნ ლარი გახდა მას შემდეგ, რაც ამ უწყებაში ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულმა კომპეტენციებმა მოიყარა თავი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებიდან. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 115 ათასი ლარით შემცირდა. 118 ათასი ლარით გაიზარდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, რადგან ამ უწყებას გარემოს დაცვის სამინისტროსაგან ნაპირდაცვასთან დაკავშირებული ფუნქცია გადაეცა.

ეს საბიუჯეტო ცვლილებები არ მოიცავს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერებისა და 30-ლარიანი სურსათის ვაუჩერებისთვის (საერთო ჯამში, დაახლოებით, 50 მლნ ლარის ოდენობით) გაწეულ ხარჯს, რაც ბიუჯეტში მისი დამტკიცების დროს არ ყოფილა ასახული. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ვაუჩერებისთვის თანხა არსებული „რეზერვებიდან“ გამოიყო.

მთავრობა პარლამენტს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებების პაკეტს პენსიის 100 ლარამდე გასაზრდელად წარუდგენს.