აქტუალური
აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. უხვი ნალექის შედეგად აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე - აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მხრიდან სრულად კონტროლდება არსებული სიტუაცია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი სავალი ნაწილი ინტენსიურად იწმინდება. ასევე, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურში, ქედასა და ქობულეთში. რამდენიმე ოჯახი, რომელსაც სტიქიამ პრობლემები შეუქმნა, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ადიდებულია მდინარეები. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც არსებულ მდგომარეობას სწავლობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ არსებულ მდგომარეობას გაეცნო, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ამოტუმბვითი სამუშაოები, სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურები.