სამართალი
საბერძნეთში სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გამოცემა „ეკატიმერინი“ ავრცელებს.

მანქანა-მაცივარის მძღოლი სამართალდამცველებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან დააკავეს. ავტომობილის შემოწმების დროს სატვირთო განყოფილებაში არალეგალი მიგრანტები აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, მიგრანტები ავღანელები არიან, თუმცა პოლიციას მათი იდენტიფიცირების პროცესი ჯერ არ დაუსრულებია.

ბერძნული გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლიციის მიერ მანქანის შემოწმების დროს მაცივარი არ მუშაობდა.

დაკავებული მძღოლი დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.