სამართალი
მოსამართლეობის ბევრ კანდიდატს კომპეტენტურობის პრობლემა აქვს - ნინო ლომჯარია

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ბევრ და არაერთ კანდიდატს, ჩემი აზრით, კომპეტენტურობის პრობლემა აქვს, - ასე შეაფასა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთა მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასულ კვირას დასრულდა.

თუმცა არიან კანდიდატები, შედარებით ნაკლები რაოდენობით, მაგრამ შესაძლებელია ითქვას, რომ ისინი შეესაბამებიან დადგენილ კრიტერიუმებს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, როგორც მას კანონით ევალება, შეაფასოს ინდივიდუალური კანდიდატის შესაბამისობა კანონით დაგენილ მოთხოვნებთან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა. მან ასევე დააყენა შუამდგომლობა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე.

აქვე უნდა განვმარტოთ, რომ მართალია იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, აღნიშნული ვერ შეაჩერებს საქართველოს პარლამენტისთვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და მათ განსაწესებლად ჩასატარებელი კენჭისყრის პროცესს, თუნცა მას ექნება გავლენა მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ან უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ, პარლამენტში წარსადგენი კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცედურაზე“, - განმარტა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.