აქტუალური
„ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას არ გეგმავს

 საქართველო,13 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, პლენარულ სხდომაზე გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას არ გეგმავს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ბანერები გამოფინეს წარწერით: "არ გაბედო კანონის ჩაგდება", "შეასრულე მოცემული პირობა" და სხვა.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდით იმას, თუ რა უმსგავსო და სამარცხვინო პროცესები მიმდინარეობა საქართველოს პარლმენტში. დღეს „ქართული ოცნების“ მმართველმა ელიტამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ისინი არ აპირებენ პროპორციული არჩევნების მარტივად მიღებას და საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უნდა მიაყენონ უფრო დიდი შეურაცხყოფა. ჩვენ დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ სირცხვილია, რომ ჩვენ თავს არ დავხრით, არ შევეგუებით იმას, რასაც ისინი დღეს პარლამენტში აკეთებენ და რაც მთავარია, ყოველდღე გავაგრძელებთ, სანამ პროპორციულ არჩევნებს არ მივიღებთ იმ სახით, რა სახითაც მათ პირობა დადეს, რომ პროპორციული არჩევნები გვექნებოდა ჩვენი აქციებიდან 5 დღის თავზე", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ.