უცხოეთი
საფრანგეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების გართულების ინიციატივით გამოდის

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, საფრანგეთს სურს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წესები შეიცვალოს. გამოცემის ინფორმაციით, ორგვერდნახევრიან დოკუმენტში, რომელიც საფრანგეთმა ბლოკის სხვა წევრ ქვეყნებს გადაუგზავნა, პარიზი გამოდის მოწოდებით, შეცვალონ ალიანსში გაწევრიანების პროცედურები.

დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას ახალი შვიდსაფეხურიანი პროცესი „მკაცრი პირობებით, რათა ეფექტურად მოხდეს ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისაბაში მოსვლა“, ამასთან, უნდა მოხდეს „შექცევადობის კომპონენტის“ დამატება, რაც ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს შეწყვიტოს გაწევრიანების შესახებ ქვეყანასთან მოლაპარაკებები, თუ მისი მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ბლოკის სტანდარტების შესრულებას.

შეთავაზება საფრანგეთის მხრიდან მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა დაბლოკა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის მოლაპარაკებები ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ. გამოცემის ცნობით, საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანა არ იყო, რომელიც მსგავს მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო მოლაპარაკებების დაწყებისა განსაკუთრებით ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებაში.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, დოკუმენტში, საფრანგეთი გამოხატავს მხარდაჭერას ევროკავშირის პოლიტიკისადმი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ალბანეთთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, კოსოვოსთან, მონეტენეგროსთან და სერბეთთან, აცხადებს რა, რომ ეს ქვეყნები „მიეკუთვნებიან ევროპას მათი ისტორიით, კულტურით და გეოგრაფიული მდებარეობით“, თუმცა, ამ ქვეყნებში ის „პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რაც ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვისაა საჭირო, ნელა მიმდინარეობს“.

interpressnews.ge