უცხოეთი
დონალდ ტრამპი კონგრესში მის წინაღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს თაღლითობასა და სირცხვილს უწოდებს

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში მის წინაღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს თაღლითობასა და სირცხვილს უწოდებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ქალაქ ოსტინში, კომპანია „ეფლის“ მწარმოებელ ქარხანაში ვიზიტისას განუცხადა.

ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ ეს თაღლითობაა. ეს სირცხვილია. ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, – განაცხადა დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის პროცესზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად და აღნიშნა, რომ მას უკრაინისგან არაფერი მოუთხოვია.

აშშ-ის პრეზიდენტმა მედიას ყალბი ამბების გავრცელებაში და ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში დასდო ბრალი.

მედიის უმეტეს ნაწილი ყალბი და თაღლითია. „სიენენი“, „ენბისი“, „ეიბისი“, „სიბიესი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ – ყალბი გამოცემებია, ისინი ყალბი პრესაა. მათ უნდა სცხვენოდეთ საკუთარი თავის და მათ ქვეყნისთვის ზიანი მოაქვთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ოპონენტები დონალდ ტრამპს ადანაშაულებდნენ უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში, რომ მას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატაში ბოლო მოსმენისას ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გორდონ სონდლენდმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირდაპირი მითითებით ხორციელდებოდა.