აქტუალური
ჩვენ ანაკლიის პროექტს „ქართული ოცნების“ გარეშე განვახორციელებთ - მამუკა ხაზარაძე

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. „ჩვენ ანაკლიის პროექტს „ქართული ოცნების“ გარეშე განვახორციელებთ“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რის შედეგადაც სამეგრელოს მხარე კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.

ისევე, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო მთელი საზოგადოება და დაასამარა ოცნებები, ის ასევე ასამარებს ანაკლიის პროექტს. ამ პროექტის განხორციელება არის შანსი, რომ ქვეყანა აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე დააყენოს ეკონომიკის მხრივ, სამუშაო ადგილების მხრივ და ა.შ. ჩვენ მათ გარეშე განვახორციელებთ ამ პროექტს, მე ამას გპირდებით. მათ სახლში გავისტუმრებთ და ანაკლიის პროექტი აუცილებლად გაკეთდება. სამეგრელო იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამეზობლოში. თუმცა ამის პირველი ნაბიჯია ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება, მის უკან არის ქალაქ ანაკლიის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა ხაზარაძემ.